თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მარიკა დათუკიშვილი, ლილე ლიპარტელიანი და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ირაკლი ნადირაძის დაკავებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ფრაქცია პროტესტის ნიშნად, საკრებულოს საქმიანობაში, განხილვებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„დაჭერილია თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე და დღეს ჩვენ, ფრაქციის წევრები, მას სოლიდარობას ვუცხადებთ. ჩვენი ფრაქცია საკრებულოში მიმდინარე არცერთ განხილვას, სამუშაო პროცესს და საკრებულოს სხდომას არ დავესწრებით. ეს სხდომები და განხილვები არ არის ორიენტირებული ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზე,“- განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს უმრავლესობას მიმართეს და მოუწოდეს, მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.